სიახლეები

ავეჯის ინდუსტრიაში პირველი ავტომატიზებული საწარმოს მშენებლობა

„ელემენტ კონსტრაქშენი“ კომპანია „ელთიბის“ დაკვეთით სამხრეთ კავკასიაში პირველი ავტომატიზებული ავეჯის საწარმოს მშენებლობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

საწარმო თბილისში, ულიანოვის ქ. №29-ში, 6 620 კვ.მ.-ზე იქნება განთავსებული. მისი მშენებლობა 2022 წელს დაიწყო, ხოლო დასრულებული პროექტის გახსნა 2025 წელს იგეგმება. საწარმოს პროექტს მრავალპროფილური გამოცდილების მქონე კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენი“ უძღვება, ხოლო პროექტის მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვა/გამართვაზე გერმანული ბრენდი HOMAG იმუშავებს.

რობოტიზებული საწარმოს აშენების მიზანი „ელთიბის“ საწარმოო პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და ხარისხის სტანდარტიზაციაა, რაც კომპანიას პროდუქციის ექსპორტზე გატანაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ პროექტი გამოირჩევა ენერგოეფექტურობით – ნარჩენების გადამუშავების ხარჯზე მიღებული ენერგია წარმოებას მოხმარდება, რაც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება.

გარდა ბიზნესის განვითარებისა, ავტომატიზებული საწარმო გაზრდის სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ იმ პოზიციებზე, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, მაგალითად: კომპიუტერული ინჟინერია, ავეჯის კონსტრუირება, ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება.

პროექტის განსახორციელებლად საჭირო ჯამური ინვესტიცია დაახ. 15 მლნ. ლარს შეადგენს. აქედან 10 მლნ. სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ხოლო დანარჩენი DCFTA-ის პროგრამით იქნა მოზიდული. მხარდაჭერის პირობები ასეთია: პირველ შემთხვევაში ფინანსდება სესხის პროცენტი, ხოლო მეორე შემთხვევაში – სესხის 15%-მდე წილი.

აღნიშნულ გრანდიოზულ პროექტს წინ უძღოდა „ელემენტ კონსტრაქშენისა“ და „ელთიბის“ მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. 2021 წელს ,,ელემენტ კონსტრაქშენმა“ პანდემიის დროს მოქმედი რეგულაციების პირობებში, ვადაზე ადრე დაასრულა ოთხსართულიანი მრავალფუნქციური საწარმო ნაგებობის მშენებლობა. ,,ელემენტ კონსტრაქშენის“ ინდუსტრიულ სამშენებლო პორტფოლიოში ასევე წარმოდგენილია „ელთიბის“ პირველი საწარმო.

 

06.09.2023
ბეჭდვა