სიახლეები

ელემენტ ჰოლდინგს ახალი დირექტორი ჰყავს


,,ელემენტ ჰოლდინგს“  ზაქრო ებელაშვილი უხელმძღვანელებს. დირექტორის პოსტი მან ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოსა და კომპანია ,,სითიმის“ პარტნიორების შეთანხმების საფუძველზე დაიკავა.

 

შეთანხმება კომპანიების მრავალწლიანი თანამშრომლობის მომდევნო ეტაპზე გადასვლის დასტურია.  ,,ელემენტ ჰოლდინგში“ ,,სითიმის“ დამფუძნებლის დავით ქარდავას და მისი გუნდის ჩართულობით ბოლო 5 წლის განმავლობაში  შემდეგი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა:

·       ჰოლდინგური სტრუქტურის შექმნა და დანერგვა;

·       განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;

·       ინოვაციური ბიზნეს პროცეს მენეჯმენტისა და KPI სამოტივაციო სისტემის დანერგვა;

·       ISO 9001: 2015 და ISO  45001: 2018   სერტიფიცირება.

 

აღნიშნულ პროცესებს ,,ელემენტ ჰოლდინგში“, C-Team-ის მხრიდან მისი პარტნიორი ზაქრო ებელაშვილი მართავდა. C-Team-ის პროექტებში იგი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2019 წლიდან ჩაერთო. ზაქრო ებელაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსების ანალიზის მაგისტრის ხარისხი პალერმოს უნივერსიტეტში, იტალიაში მიიღო. ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე კი ხორვატიაში, დუბროვნიკის უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

სწორედ მისი ხელმძღვანელობით, ,,ელემენტ ჰოლდინგისთვის“ შემუშავდა ლითონკონსტრუქციების საწარმოს განვითარების ბიზნეს გეგმა და პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ქარხნის მშენებლობისა და ოპერირებისთვის საჭირო რესურსების მოძიება. ,,შედეგად სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით ჰოლდინგის კონკურენტული უპირატესობა  გაძლიერდა. დარწმუნებული ვარ, ზაქრო სამომავლოდაც არაერთ ქმედით ნაბიჯს გადადგამს ჰოლდინგის განვითარებისა და წარმატებისთვის“,- აცხადებს ,,ელემენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელი პაატა ჩიტორელიძე.

 

აღნიშნული კომპანიების დამფუძნებლების საერთო შეთანხმებით,  ებელაშვილი C-Team-ის პარტნიორად რჩება და კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას. თავის მხრივ, C-Team-ის გუნდი განაგრძობს ,,ელემენტ ჰოლდინგის“ მასშტაბით სტრატეგიული, სტრუქტურული და საოპერაციო პროექტების განხორციელებას.

 

,,ელემენტ  ჰოლდინგი“ ქართული სამშენებლო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მისი წლიური ბრუნვა 100 მლნ ლარს აჭარბებს, დასაქმებულთა რაოდენობა კი - 500-ს. ჰოლდინგში ოპერირებს სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულების კომპანიები. მათ შორის, ისეთი ბრენდები, როგორებიცაა ,,ელემენტ კონსტრაქშენი“ და ,,ოლ-პი ჯგუფი“.

 

 

13.09.2022
ბეჭდვა